პოლიციამ დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 3 პირი

18 იან 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე 3 პირი: 1995 წელს დაბადებული ვ.ა., 2004 წელს დაბადებული შ.მ. და წარსულში ნასამართლევი, 2005 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბასრი საგნის გამოყენებით,  ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს 1980 წელს დაბადებულ გ.ჯ.-ს და დანაშაულის ადგილიდან მიმალვა სცადეს.

პოლიციამ დანაშაულში მონაწილე სამივე პირი ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.