ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

17 იან 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს  და მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1988 წელს დაბადებული ა.ჩ.  დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებული  თურქეთის რესპუბლიკის მიერ,  სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის  მუქარის, შეურაცხყოფის და მცირე რაოდენობით საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ბრალდებით იძებნებოდა.

„სამართალდამცველებმა ა.ჩ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს.

დაკავებულის  მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.