ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესი

15 იან 2026

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად დაკავებული პირების სასამართლო პროცესზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს.

დაიკითხა სამი მოწმე. ერთ-ერთი მათგანი ბიზნესმენი დავით დავითაშვილი იყო, რომელმაც თავდაცვის სამინისტროს მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი მიჰყიდა.

დაიკითხნენ, ასევე, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ივანე არჯევნიშვილი და გორის ჰოსპიტლის დირექტორი, შალვა მაღლაკელიძე.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალი წარდგენილი აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე.

დანაშაული 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება, ბურჭულაძესთან ერთად დაკავებულ პირებს - ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას - დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას, ვასილ მხეიძეს კი - გაფლანგვაში დახმარებას ედავებიან.