10 იან 2026
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, „თბილისი არენაზე“ „კარატე 1 - სერია A“ მიმდინარეობს.
სამინისტროს ინფორმაციით, პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს საქართველო ზედიზედ მეორედ მასპინძლობს. ტურნირში 77 ქვეყნის 1267 სპორტსმენი მონაწილეობს, ეროვნული ნაკრები კი 13 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.
ტურნირის პირველ დღეს საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე დაესწრო.
მინისტრის მოადგილემ სამუშაო შეხვედრა გამართა მსოფლიოსა და ევროპის სპორტული კარატეს ფედერაციების პრეზიდენტ ანტონიო ესპინოსისთან და ევროპისა და მსოფლიოს სპორტული კარატეს ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის უფროს ხავიერ ესკალანტესთან. შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტული კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი თემურ გიგნაძე და ფედერაციის სხვა წარმომადგენლები. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე ტურნირზე, სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოში სპორტული კარატეს განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
„Karate 1 Series A“ 11 იანვარს დასრულდება. ტურნირის პირველ დღეს ინდივიდუალური „Kata“ მამაკაცებსა და ქალებში, ასევე ქალთა „Kumite“ +68 კგ და მამაკაცთა „Kumite“ +84 კილოგრამ წონით კატეგორიებში გაიმართა.
თბილისმა „კარატე 1 - სერია A“-ს პირველად 2025 წელს უმასპინძლა და ზედიზედ მესამედ 2027 წელსაც უმასპინძლებს.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.