არ დავუშვებთ, რომ რუსეთმა ან ჩინეთმა მოახდინონ გრენლანდიას ოკუპაცია, არ მინდა, მეზობლად იყვნენ - ტრამპი

10 იან 2026

ჩვენ გრენლანდიასთან დაკავშირებით რაღაცას მოვიმოქმედებთ, ან კარგი, ან უფრო რთული გზით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი ან ჩინეთი დაიკავებს გრენლანდიას, რასაც ამერიკა არ დაუშვებს.

„ჩვენ ვაპირებთ რაღაცის გაკეთებას გრენლანდიასთან დაკავშირებით, მოსწონთ მათ ეს თუ არა, რადგან ამას თუ არ გავაკეთებთ, რუსეთი ან ჩინეთი დაიკავებს გრენლანდიას და ჩვენ არ ვაპირებთ, რუსეთი ან ჩინეთი გვყავდეს მეზობლად. მინდა, შეთანხმება დავდოთ მარტივი გზით, მაგრამ ამას თუ მარტივი გზით ვერ გავაკეთებთ, რთული გზით გავაკეთებთ. სხვათა შორის, მეც დანიის გულშემატკივარი ვარ. უნდა გითხრათ და იცით კიდეც, რომ ისინი ძალიან კეთილგანწყობილები იყვნენ ჩემ მიმართ. მე მათი დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ფაქტი, რომ 500 წლის წინ მათი ნავი იქ მივიდა, არ ნიშნავს, რომ მიწა მათ ეკუთვნით. დარწმუნებული ვარ, იქ ბევრი ჩვენი ნავიც წავიდა. ჩვენ გვჭირდება გრენლანდია, რადგან ახლა თუ გრენლანდიის მიღმა გაიხედავთ, იქ ყველგან რუსული გამანადგურებლებია, რუსული წყალქვეშა ნავებია,ჩინური გამანადგურებლებია. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რუსეთმა ან ჩინეთმა მოახდინონ გრენლანდიის ოკუპაცია. ისინი სწორედ ამას იზამენ, თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ. ასე რომ, ჩვენ გრენლანდიასთან დაკავშირებით რაღაცას მოვიმოქმედებთ – ან კარგი გზით, ან უფრო რთული გზით“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, აშშ-ის მოუწევს გრენლანდიის დაცვა, რადგან რუსეთს ან ჩინეთს გრენლანდიის დაკავების უფლებას არ მისცემს.

„ქვეყნები იცავენ საკუთრებას და არა იჯარის ხელშეკრულებებს და ჩვენ მოგვიწევს გრენლანდიის დაცვა. ჩვენ თუ ამას არ გავაკეთებთ, ჩინეთი ან რუსეთი გააკეთებს. ეს არ მოხდება. მე მომწონს ჩინეთი, რუსეთი, მიყვარს ჩინეთის ხალხი, რუსეთის ხალხი. პრეზიდენტ პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ძალიან იმედგაცრუებული ვარ მისით. პრეზიდენტ სი ძინპინისთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. აპრილში ჩინეთში მივდივარ, მაგრამ არ მინდა, ისინი გრენლანდიაში მეზობლად იყვნენ. ეს არ მოხდება“, – განაცხადა ტრამპმა.