ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ დელსი როდრიგესი ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა

04 იან 2026

ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტს, დელსი როდრიგესს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაავალა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გადაწყვეტილება აშშ-ის ოპერაციის ფარგლებში ვენესუელის პრეზიდენტ, ნიკოლას მადუროსა და მისი ცოლის, სილია ფლორესის დაკავების შემდეგ იქნა მიღებული.

ბრძანების მიხედვით, ნიკოლას მადუროსთვის საკუთარი ფუნქციის შესრულება დროებით შეუძლებელია. ქვეყნის კონსტიტუცია კი ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობა ვიცე-პრეზიდენტმა უნდა შეასრულოს.

დელსი როდრიგესი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგში კანონით გათვალისწინებულ ყველა უფლებამოსილებას საკუთარ თავზე აიღებს.

"როდრიგესი იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას, რათა გარანტირებული იყოს მართვის უწყვეტობა და ქვეყნის ყოვლისმომცველი დაცვა“, - აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.

3 იანვრის ღამეს აშშ-მა ვენესუელაში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც ამერიკელმა სპეცრაზმელებმა პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს. ისინი ნიუ-იორკში, სასამართლოს წინაშე „ნარკოტერორიზმის“ მიზნით შეთქმულების, კოკაინის შემოტანის, ასევე აშშ-ის წინააღმდეგ გამოსაყენებლად იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შენახვის ბრალდებით წარდგებიან. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელაში ხელისუფლების კანონიერ გადაცემამდე ქვეყანას აშშ უხელმძღვანელებს.