აშშ-მა წარმატებით განახორციელა დარტყმა ვენესუელასა და ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს - ტრამპი

03 იან 2026

აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო, მეუღლესთან ერთად შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა ფართომასშტაბიანი დარტყმა ვენესუელასა და მისი ლიდერის, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს. ეს ოპერაცია აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად განხორციელდა. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. პრესკონფერენცია დღეს, დილის 11:00 საათზე, მარ-ა-ლაგოში გაიმართება“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

გავრცელებული ცნობით, აშშ-ის სამხედროებმა ვენესუელაში სამხედრო ბაზები, ქვეყნის მთავარი პორტი და პარლამენტის შენობა დაბომბეს.

ვენესუელის მთავრობამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ვენესუელის მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ აგრესიის მიზანი ვაშინგტონის მიერ ქვეყნის ნავთობისა და მინერალების მითვისების სურვილია.