საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა

24 დეკ 2025

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობაზე ღია კონკურსი გამოაცხადა. განცხადებების მიღება 22 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. 

მაუწყებლის დირექტორის პოზიციის დასაკავებლად კანდიდატს მოეთხოვება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მუშაობის არანაკლებ ათი წლის გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან  სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის გამოცდილება. იგი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ კონკურსის გამოცხადებამდე შესაბამის დოკუმენტში ცვლილება განახორციელა და აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ხელფასი 7 ათასი ლარით განსაზღვრა. 

შეგახსენებთ, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს’’ დირექტორის თანამდებობაზე ღია კონკურსი უკვე მესამედ გამოცხადდა.