გალიფ ოზთურქის სასამართლო პროცესი

19 ივლისი 2022, 14:49 1836 ნახვა

დატოვებენ თუ არა გალიფ ოზთურქს წინასწარ პატიმრობაში? - საკითხზე ბათუმის საქალაქო სასამართლო 3 საათია მსჯელობს. ბრალდების მხარე კვლავ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, დაცვის მხარემ კი  მილიონი ლარის გირაოს შუამდგომლობა დააყენა.

აღკვეთი ღონისძიების გადახედვა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პროკურატურის მოთხოვნით, საქმეზე წინასასამართლო სხდომა გადაიდო. პროკურატურის განმარტებით, გამოძიება გრძელდება როგორც ნარკოტიკის, ასევე ფინანსური დანაშაულის საქმეზე. ამიტომ არსებობს საფრთხე ბრალდებული მიიმალოს, მტკიცებულებები გაანადგუროს ან ჩაიდინოს ახალი დანაშაული. პროკურატურის ამ პოზიციას დაცვის მხარე არ იზიარებს.

ადვოკატების განმარტებით, ოზთურქს ფინანსურ დანაშაულზე ბრალი წარდგენილი არ აქვს და ამ მოტივით პატიმრობის ვადის გაგრძელება არარელევანტურია. აცხადებენ, რომ არც მიმალვის საფრთხე არსებობს. ადვოკატებმა გირაოსთან ერთად სასამართლოს ელექტრონული მონიტორინგის და ოზთურქის მიერ პასპორტის ჩაბარების შუამდგომლობით მიმართეს, ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ოზთურქს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვაზე აქვს წარდგენილი. ადვოკატების ინფორმაციით, მის სისხლში ნარკოტიკული საშუალებები არ აღმოჩნდა.

სასამართლო პროცესში ოზთურქი დისტანციურად მონაწილეობს. მან მოსამართლეს მიმართა და თქვა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ იმყოფება პატიმრობაში, რადგან მისი თქმით, დანაშაული არ ჩაუდენია.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი