13 დაბომბილი დასახლებული პუნქტი, ასეთია გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის მიერ დონეცკის ოლქში განხორციელებული დაბომბვის შედეგი. არიან დაშავებულები და დაღუპულები. უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, მათი რაოდენობა დაზუსტებული არ არის. იერიშის შედეგად დაიბომბა საცხოვრებელი კორპუსები, სკოლა, ბაზრობა და სხვა სამოქალაქო ობიექტები.
რუსმა სამხედროებმა კვლავ სცადეს კუნძულ ზმეინზე იერიშის მიტანა, მათი მცდელობა, ხელი შეეშალათ უკრაინის დროშის აღმართვაში ვერ შედგა. რაც შეეხება ლუგანსკის რეგიონს, რომელიც ბოლო პერიოდში მუდმივი დაბომბვის ქვეშ იმყოფებოდა, რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ოლქის ტერიტორია ოკუპანტებმა თითქმის სრულად დაიპყრეს და ამ დროისთვის ბრძოლები ორ დასახლებაში მიმდინარეობს. სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა სლავიანსკის დაბომბვისას.
ოკუპანტმა იერიში მიიტანა ხარკოვის ოლქზეც, არიან დაშავებულები, მათ შორის ერთი ახალშობილი. მძიმე ბრძოლები გრძელდება ლისიჩანკსის მიმდებარედ. საარტილერიო შეტევა განახორციელა აგრესორმა მიკოლაევის ოლქზეც, განადგურებულია საცხოვრებელი კორპუსები.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში ომს უკვე 346 ბავშვი ემსხვერპლა.