ვითარება უკრაინაში

30 ივნისი 2022, 18:30 726 ნახვა

უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს, რის შედეგადაც 144 უკრაინელი ტყვე, მათ შორის „აზოვსტალის“ 95 დამცველი გათავისუფლდა. ტყვეთა გაცვლის შედეგად, უკრაინამ „აზოვის“ პოლკის წევრები პირველად დაიბრუნა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო სოციალურ ქსელში ავრცელებს განცხადებას, რომელშიც წერია, რომ ეს ყველაზე დიდი გაცვლაა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გათავისუფლებულ უკრაინელთა უმეტესობას სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები აღენიშნება და ყველა მათგანს სათანადო გადაუდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება გაეწია.ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში აფეთქებების შედეგად. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, სუმისა და ხარკოვის ოლქები ინტენსიურად იბომბება. რთულია სიტუაცია ქალაქ სლავიანსკში. საჰაერო განგაშის სიგნალი ისმის ოდესისა და მიკოლაევის ოლქებშიც. რუსულმა ბომბმა ლისიჩანსკში ჰუმანიტარული საწყობი გაანადგურა. სერგეი გაიდაის თქმით, მოწინააღმდეგე ქალაქის შტურმს ცდილობს, საბრძოლო მოქმედებები ლისიჩანსკის მისადგომებთან მიმდინარეობს. ქალაქი, სადაც 15 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქეა დარჩენილი, განუწყვეტლივ იბომბება. პარალელურად გაერო-ს მისიამ ქვეყნის 30-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვის ფაქტები დოკუმენტურად დაადასტურა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი