ევროინტეგრაციას მოსახლეობის 85% უჭერს მხარს, ამ მოცემულობას ხვალინდელი მოუმზადებელი აქცია მხოლოდ დააკნინებს - კობახიძე

15 ივნისი 2022, 14:41 774 ნახვა

''ქართული ოცნება'' 16 ივნისს პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა "არასერიოზულია".

მისივე თქმით,  ევროინტეგრაციას საქართველოში მოსახლეობის 85% უჭერს მხარს და „ამ ფაქტობრივ მოცემულობას ხვალინდელი მოუმზადებელი აქცია მხოლოდ დააკნინებს“.

''საქართველოს პრეზიდენტმა მოგვიწოდა ერთიანობისკენ „ომის პარტიასთან“, როგორც მას თავადვე უწოდა – რადიკალურ ოპოზიციასთან, რომელიც თავადვე სახელმწიფოს საწინააღმდეგო კამპანიაში ამხილა, რაც, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია.

ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის ევროპაშიც, რომ ევროინტეგრაციას საქართველოში მოსახლეობის 85 პროცენტი უჭერს მხარს და ამ ფაქტობრივ მოცემულობას ხვალინდელი მოუმზადებელი აქცია მხოლოდ დააკნინებს. გარდა ამისა, ევროკავშირმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სამართლიანობის პრინციპით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიღწევების შეფასების საფუძველზე. სამართლიანი შეფასების პირობებში კი, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არა აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

''ქართული ოცნების'' თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა მეორე ფრონტის თემაზე.

მისი თქმით, საქართველოს რუსეთისთვის სანქციები რომ დაეწესებინა და უკრაინაში მოხალისეებით სავსე თვითმფრინავი გაეშვა, ახლა მეორე ფრონტი უკვე დამდგარი შედეგი იქნებოდა.

''სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ლოიალურად შეაფასა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოში უნდა გაიხსნას მეორე ფრონტი და უკრაინელი ქალებისა და ბავშვების გარდა, ქართველი ქალები და ბავშვებიც უნდა იხოცებოდნენ. ამასთან, აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების ნებისმიერი ასეთი განცხადება უპასუხოდ უნდა დავტოვოთ. სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებაზე რაიმე კომენტარის გაკეთება საჭიროდ არ მიგვაჩნია.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის თემა მოგონილია. როგორც მან განაცხადა, ვციტირებ, „მეორე ფრონტის რისკი, საფრთხე არ არსებობს“. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სალომე ზურაბიშვილს შევახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, ხოლო თბილისიდან 40 კილომეტრში, არა ნატო-ს, არამედ რუსეთის ჯარი დგას. რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა და უკრაინაში მოხალისეებით სავსე თვითმფრინავი გაგვეშვა, ახლა მეორე ფრონტი უკვე დამდგარი შედეგი იქნებოდა. ვინ ითხოვდა ამ ნაბიჯების გადადგმას, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, კარგად მოიკითხოს. აღარაფერს ვამბობთ რადიკალური ოპოზიციის, მისი კუთვნილი ტელევიზიების, ენჯეოებისა და ცალკეული უცხოელი პარტნიორების რიტორიკაზე, რომელიც ქართულ საზოგადოებაში ამ აზრის მომწიფებას ისახავდა მიზნად. სალომე ზურაბიშვილს გვინდა ვუთხრათ, ვინმეს თუ უნდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ამას მას არავინ ეტყვის, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს მეორე ფრონტის გახსნის არავითარი ბერკეტი არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგი პირდაპირ იყო მიმართული საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი