მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ როინ მებონიას, ბრალი ოფიციალურად დღეს ან ხვალ წარედგინება.
ბავშვების თვალწინ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და არაერთი მოწმის თანდასწრებით ქმარმა ცოლს ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დამნაშავე გუშინვე დააკავეს.
უძღოდა თუ არა მკვლელობას წინ რაიმე სახის ურთიერთშელაპარაკება და რატომ გაიმეტა ქმარმა ცოლი სასიკვდილოდ, - დეტალებს გამოძიება სწავლობს.
ადვოკატმა დაკავებული როინ მებონია დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა.
სულხან კომახიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარით გაოგნებულია, ვერ აცნობიერებს თუ რა მოხდა და ვერ იხსენებს ფაქტებს.
ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ შეიძლება მებონიას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდეს.