ქობულეთში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან დაკავებული 5-ვე პირი დანაშაულს აღიარებს. მხარეებმა მტკიცებულებები უდაოდ და დასაშვებად მიიჩნიეს. საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. ბრალდებულებს ადვოკატი არ ჰყავთ.
პროკურატურა ალტ-ინფოს მხარდამჭერებს - ზეზვა ჩანქსელიანს, ზურაბ ფეიქრიშვილს, ირაკლი ივანიშვილს, გოჩა გივი თილაძესა და ზაურ გაგნიძეს ჯგუფურ ძალადობას ედავება 2-ზე მეტი პირის მიმართ.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა 22 მარტს ქობულეთში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან გამართულ აქციაზე ჯგუფურად, ხელკეტებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი ჯაფარიძეს, გიგა რომანაძესა და თემურ ქათამაძეს.
სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი ბრალი ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან პატიმრობას 2 წლამდე ვადით.
დაკავებული 5 პირის საქმეზე არსებითი განხილვა 25 მაისს დაიწყება.