პროკურატურა ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

16 მაისი 2022, 12:34 712 ნახვა

საქართველოს პროკურატურა ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიას და ზურაბ იაშვილის განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტელეკომპანია რუსთავი-2-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ იგი სრულად გამართლდა წარდგენილ ბრალდებებში.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

''ამ ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, თუმცა არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შეფასებას ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში, რის გამოც ბრალდებულის ქმედება დაკვალიფიცირდა სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, ნაცვლად ამავე კოდექსის 182-ე მუხლისა. ამ ნაწილში, ნ.გვარამიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

ასევე, ნიკა გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი, სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გამართლდა სხვა ყველა წარდგენილ ბრალდებაში.

ანალოგიურად, ტელეკომპანია რუსთავი-2-ისთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანიის ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია. ამ შემთხვევაშიც თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, თუმცა არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შეფასებას ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში, რის გამოც ბრალდებულის ქმედება დაკვალიფიცირდა სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, ნაცვლად ამავე კოდექსის 182-ე მუხლისა. კახაბერ დამენიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარი.

რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ იგი სრულად გამართლდა წარდგენილ ბრალდებებში.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას ბრალი ედებოდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე.

კახაბერ დამენიას ბრალი ედებოდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე.

ზურაბ იაშვილს ბრალი ედებოდა კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე.

წარდგენილი ბრალდების თანახმად, 2015 წლის 16 იანვარს, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სახელით ნიკა გვარამიამ ხელშეკრულება გააფორმა შპს ,,ინტერ მედია პლიუსთან“, რომლის თანახმადაც, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა შპს ,,ინტერ მედია პლიუსს“ დაუთმო საკუთარი არხების ეთერში კომერციული რეკლამის განთავსების უფლება.

2015 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, ნიკა გვარამია ტელეკომპანიის სარეკლამო დროის გასხვისების შედეგად მიღებული მთლიანი შემოსავლის 90-95%-ს ითხოვდა შპს ,,ინტერ მედია პლიუსისგან“, ხოლო დარჩენილ თანხას, მომსახურების გაწევის სანაცვლოდ უტოვებდა ამ უკანასკნელ საწარმოს.

მას შემდეგ, რაც 2015 წლის 05 აგვისტოს, ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის წილების დასაბრუნებლად სასამართლოში სამართლებრივი დავა დაიწყო, ნიკა გვარამიამ და კახაბერ დამენიამ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ინტერესების აშკარა უგულებელყოფითა და მის საწინააღმდეგოდ, შპს „ინტერ მედია პლიუსისგან“ ყოველთვიურად მხოლოდ კომპანია შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის არსებობისათვის საჭირო მინიმალური ოდენობის თანხის მოთხოვნა დაიწყეს.

2015 წელს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სარეკლამო დროის რეალიზაციიდან შპს „ინტერ მედია პლიუსის“ მისაღებმა შემოსავალმა შეადგინა 48 014 847 ლარი, საიდანაც შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს გადაუხადა მხოლოდ 36 467 000 ლარი, რაც 2014 წელს ანალოგიურ მომსახურებაზე მიღებულ თანხებთან შედარებით 6 763 509 ლარით ნაკლები იყო. შედეგად, ნ.გვარამიამ და კ.დამენიამ, 2015 წლის მეორე ნახევარში, შპს ,,ინტერ მედია პლიუსისგან“ 6 763 509 ლარის მოთხოვნის უფლება მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგეს.

შპს „ინტერ მედია პლიუსის“ სასარგებლოდ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის კუთვნილი დიდი ოდენობით - 6 763 509 ლარის ქონებრივი უფლების გაფლანგვის სანაცვლოდ, ნიკა გვარამიამ, შპს „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის - ზურაბ იაშვილის მეშვეობით, ხსენებული კომპანიისაგან უკანონოდ მიიღო შესაბამისი სარგებელი - უძრავი ქონებების სახით, კერძოდ, ქ.თბილისი, მუხაძის ქუჩაზე მდებარე 2 საცხოვრებელი ბინა, საერთო ფართით - 238,74 კვ.მ

ნიკა გვარამიამ შპს „ინტერ მედია პლიუსისგან“ უძრავი ქონებების უკანონოდ მიღების შემდეგ, განიზრახა დანაშაულებრივად მიღებული ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა. შედეგად, უძრავი ქონებების მის სახელზე რეგისტრაციიდან რამდენიმე თვეში, 2017 წლის ივლისში და სექტემბერში ორივე საცხოვრებელი ბინა, გაასხვისა სხვადასხვა პირებზე, რითაც მიიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 602 521 ლარის შემოსავალი.

გარდა აღნიშნულისა, 2019 წლის თებერვალში, ნ. გვარამიამ ,,თეგეტა პრემიუმ ვიიქელსის“ (პორშეს ცენტრი) ხელმძღვანელებს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, შესთავაზა, რომ მათგან ძვირადღირებული ავტომობილის შეძენას განახორციელებდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში მათი სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ, რაც მასთან დაკავშირებული სარეკლამო სააგენტო შპს ,,პროესკო მედიას“ მეშვეობით განხორციელდებოდა.

შეთანხმებისამებრ, 2019 წლის 27 თებერვალს, შპს ,,თეგეტა პრემიუმ ვიიქელსსა“ და შპს ,,პროესკო მედიას“ შორის, გაფორმდა ავტომანქანა ,,Porche Macan S”-ის ნასყიდობის ხელშეკრულება ღირებულებით - 76 700 ევრო, რომლის საფუძველზეც ავტომანქანა ნიკა გვარამიასა და მისი ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაში გადავიდა, ხოლო ფორმალურ მესაკუთრედ შპს ,,პროესკო მედია“ დაფიქსირდა.

მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი“ კეთილსინდისიერად ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სრულად უხდიდა შპს ,,პროესკო მედიას“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარეკლამო ღირებულებას, ეს უკანასკნელი, ნიკა გვარამიას დავალებით, არსებითად ამცირებდა ტელეკომპანია რუსთავი 2-სთვის გადასახდელ თანხებს, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი ადგებოდა ტელეკომპანიას.

2019 წლის აპრილიდან ივლისამდე პერიოდში, ტელეკომპანიამ განიცადა დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი, სანაცვლოდ კი ნიკა გვარამიამ და მისმა ოჯახმა, ფაქტობრივ საკუთრებაში მიიღეს 232 201 ლარის ღირებულების ავტომობილი - ,,Porche Macan S” - წერია განცხადებაში. 

ბრალდების მხარე, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი