რუსეთისთვის უკრაინაში ინტერვენციაზე საპასუხოდ დაწესებული სანქციები არ მოიხსნება, ვიდრე მოსკოვი კიევთან მშვიდობიან შეთანხმებას არ მიაღწევს - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.
კანცლერმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმების პირობების განსაზღვრა უკრაინის გადასაწყვეტია. შოლცის თქმით, ვლადიმერ პუტინი შეცდა, თუკი ფიქრობდა, შეეძლო უკრაინისგან ტერიტორიის ხელში ჩაგდება, საბრძოლო მოქმედებების დასრულება გამოეცხადებინა და ამის შემდეგ დასავლური ქვეყნები სანქციებს მოხსნიდნენ.
შოლცი ამბობს, რომ ყირიმის ანექსიას გერმანია ვერ მიიღებს, რადგან ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.