არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას ევროკავშირის კითხვარზე მომზადებული პასუხების გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ.
განცხადებას ხელს 30 ორგანიზაცია აწერს.
''2022 წლის 29 აპრილს, საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის კითხვარზე, ქვეყნის სახელით, მომზადებული პასუხების გასაჯაროებაზე უარი განაცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პასუხები შეიცავს საკითხებს, რომელთა გასაჯაროება არ არის მიზანშეწონილი.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია შეიძლება გასაიდუმლოვდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის წარმოადგენს პროფესიულ, პირად, კომერციულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, გაასაჯაროოთ ევროკავშირის კითხვარზე მომზადებული პასუხები, ან წარმოადგინოთ არგუმენტი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რა საფუძველით ახდენთ ინფორმაციის გასაიდუმლოებას. იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირისთვის მიწოდებული ინფორმაცია ნამდვილად შეიცავს პროფესიულ, პირად, კომერციულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას, შესაბამისი ნაწილები უნდა დაიშიფროს, დანარჩენი ნაწილი კი გასაჯაროვდეს, როგორც ამას საქართველოსა და ევროკავშირის ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტი მოითხოვს.
ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 88% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს პროცესის გამჭვირვალობა, ღიაობა და მასში დაინტერესებული მხარეების ჩართულობა'' - წერია განცხადებაში.