შეერთებული შტატები უკრაინას Phoenix Ghost-ის ტიპის 121 დრონს მიაწვდის, რაც მათ დონბასში ბრძოლაში დაეხმარებათ, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ დრონების შექმნა რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე დაიწყო. მისივე განმარტებით, დრონი შექმნილია სამიზნეებზე თავდასხმების განსახორციელებლად და ის ერთი გამოყენების შემდეგ ნადგურდება.
პენტაგონის პრესსპიკერის ინფორმაციით, Ghost-ის დრონების გამოყენებისთვის უკრაინელ სამხედროებს ისეთივე წვრთნა ჩაუტარდებათ, როგორც მათ ე.წ. „კამიკაზე“ დრონებთან დაკავშირებით ჩაუტარდათ, თუმცა, ჯონ კირბიმ არ დააკონკრეტა, როგორ ჩატარდება წვრთნა და რამდენი უკრაინელი სამხედრო მიიღებს მასში მონაწილეობას.