„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე სასურველი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორები ევროკავშირი, აშშ და თურქეთი არიან.
კვლევის თანახმად, გამყარდა მოსაზრება, რომ საქართველოს ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, ხოლო რუსეთთან პარტნიორობის მხარდაჭერამ იკლო.
კითხვაზე, რომელ ქვეყნებთან ან გაერთიანებებთან უნდა ჰქონდეს საქართველოს ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური/ეკონომიკური თანამშრომლობა, 42 პროცენტი პასუხობს, რომ მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა უნდა ჰქონდეს ევროკავშირთან. აშშ-ს ასახელებს 35 პროცენტი (36 პროცენტი იყო ომის დაწყებამდე), თურქეთს კი 17 პროცენტი (ომის დაწყებამდე: 15 პროცენტი).
შემდეგ მოდის აზერბაიჯანი 13 პროცენტით, მომდევნო ადგილზეა რუსეთი, რომელთან პოლიტიკურ თანამშრომლობასაც უკრაინაში ომის დაწყებამდე 24 პროცენტი უჭერდა მხარს, მარტის მდგომარეობით კი ეს მაჩვენებელი 13 პროცენტამდეა შემცირებული. უკრაინას ასახელებს 11 პროცენტი.
რაც შეეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას, 40 პროცენტი ასახელებს ევროკავშირს, 28 პროცენტი – აშშ-ს, 26 პროცენტი – თურქეთს, 17 პროცენტი – აზერბაიჯანს, 16 პროცენტი თუ რუსეთს.
რუსეთის მაჩვენებელი ომის დაწყების შემდეგ 13 პროცენტით არის შემცირებული.
კვლევის საველე სამუშაოები 2 ეტაპად ჩატარდა. თებერვალში საველე სამუშაოები მოიცავდა 3-15 თებერვალს. 2,036 დასრულებულ ინტერვიუს (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.8%; ხოლო მარტში საველე სამუშაოები მოიცავდა 9 -20 მარტს. 2,024 დასრულებულ ინტერვიუს (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6%