სახელმწიფო ენის დღე იმ უმნიშვნელოვანესი თარიღების რიგს ეკუთვნის, რომლითაც საქართველომ შეძლო სახელმწიფოებრიობის გადარჩენა - სალომე ზურაბიშვილი

14 აპრილი 2022, 20:35 805 ნახვა

სახელმწიფო ენის დღე იმ უმნიშვნელოვანესი თარიღების რიგს ეკუთვნის, რომლითაც საქართველომ შეძლო სახელმწიფოებრიობის გადარჩენა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ დღეს უკრაინელებს უძღვნიან, რადგან დღეს ისინი საკუთარი სახელმწიფოს გადასარჩენად იბრძვიან.

"შეიძლება, ითქვას, რომ 1978 წლის 14 აპრილით იწყება ჩვენი მსვლელობა საბჭოთა ოკუპაციისგან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ. კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის სტატუსის დაცვა და არ დათმობა, რომელმაც შვა ეროვნული მოძრაობა, უტოლდება სხვა ისტორიულ თარიღებს და გამარჯვებებს - 1917 წლის ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას, 1918 წლის და 1991 წლის დამოუკიდებლობის აქტის მიღებას. ამ გამარჯვებებზე დგას დღესაც ჩვენი სახელმწიფო. 221 წელი კი ეცადა რუსეთი საქართველოსთვის წაერთვა სახელმწიფოც ენაც და დამოუკიდებლობაც, თუმცა მიუხედავად რუსიფიკციასთან უთანასწორო ბრძოლისა, საქართველომ შეძლო დამოუკიდებლობასთან ერთად გადაერჩინა თავისი 16 საუკუნოვანი ლიტერატურული მემკვიდრეობა, შეენარჩუნებინა სამი ქართული ანბანი და ამავე დროს მოეხდინა ქართული ენის მოდერნიზაცია.

რუსული საოკუპაციო რეჟიმის შედეგად აფხაზეთში ერთნაირად იზღუდება როგორც აფხაზური, ასევე ქართული ენა. წლიდან წლამდე მცირდება აფხაზურ ენაზე მოსაუბრეთა რიცხვი. გალსა და მიმდებარე სოფლებში კი მცხოვრებ ქართველებს ეკრძალებათ ქართულ ენაზე სასკოლო განათლების მიღება.

ქართული და აფხაზური ენის დაცვასთან ერთად, რომელიც კონსტიტუციით განსაზღვრულია, გვევალება მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზურის დაცვა, გადარჩენისთვის ზრუნვა, რამეთუ ეს ენები განუყოფელი ნაწილია ჩვენი კულტურის და წარმოადგენენ უნიკალურ სიმდიდრე. ამას შევძლებთ, თუკი სკოლაში არჩევითი სწავლების უფლებას დავაწესებთ პირველ რიგში მეგრულისა და სვანურისთვის.

დედაენის დღეს საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო, რომ სწორედ რუსიფიკაციის ორასწლოვანი პოლიტიკის შედეგია, რომ კავკასიურ ოჯახის ენათა აბსოლუტური უმრავლესობა დღეს გაქრობის საფრთხის წინაშეა. ეს, როცა კავკასია თავისი ენობრივი მრავალფეროვნებით ანტიკური დროიდან აკვირვებდა მსოფლიოს და არაბები მას ეძახდნენ ენათა მთას. ეს სიმდიდრეც ჩვენი დასაცავია და ამისთვის მივმართეთ იუნესკოს, რათა კავკასიური ენების დაცვის დღე გამოაცხადოს. 45 წლის წინ საბჭოთა წნეხის ქვეშ ქართველმა საზოგადოებამ შეძლო და დაიცვა სახელმწიფო ენა. დღეს უსასტიკეს პირობებში უკრაინა იბრძვის საკუთარი მიწის და სახელმწიფოს გადასარჩენად, იბრძვის საკუთარი ენისთვის. ჩვენ მათ გვერდით ვდგევართ და ვიცით, რომ ასეთი შემართებით შეუძლებელსაც შეძლებენ. ამ დღეს ვუძღვნით მათ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი