მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასი შემცირებულია და მოლოდინი მაქვს, რომ იმპორტიორები, ძალიან მალე, დააკორექტირებენ ფასებს - პრემიერი

11 აპრილი 2022, 11:59 1223 ნახვა

საწვავის ფასები შედარებით მსოფლიო ბაზარზე შემცირებულია და ლარიც გამყარებულია. მე მაქვს მოლოდინი, რომ საწვავის იმპორტიორები, გაითვალისწინებენ ჩვენი მოსახლეობის, ქვეყნის მდგომარეობას და რაც შეიძლება მალე მოახდენენ ფასების კორექტირებას-ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აქაც, ისევე, როგორც მედიკამენტების შემთხვევაში, უნდა გავხსნათ პროცესი და ყველას უნდა მიეცეს საშუალება შემოიტანოს ნავთობი.

„მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო, თავიდან იყო შოკური მდგომარეობა, მათ შორის ნავთობის ბაზარზე, ფასები მკვეთრად, 70%-ით გაიზარდა, თუ არ ვცდები 150$-ზე ავიდა. ვინაიდან ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა, ყველაფერი შემოგვაქვს უცხოეთიდან, არ ვართ ნავთობპროდუქტების მწარმოებელი, ამიტომ ბუნებრივია ჩვენთანაც ფასებმა მოიმატა, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, მათ შორის მწარმოებელ ქვეყნებშიც. ომის დაწყების დღიდან ძალიან მალევე, 5 კვირაში, ლარიც გაუფასურდა და ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, ფასებზე გავლენა იქონია...

მას შემდეგ, რაც ჩვენ კოორდინირებულად მოვახდინეთ ინტერვენციები სავაჭრო ბაზარზე და სიტუაცია მკვეთრად დასტაბილურდა. ლარი დოლართან მიმართებაში თითქოს 3.0-ზეა ჩამოსული, ვითარება არის დასტაბილურებული, დავიჭირეთ სიტუაცია, მაქსიმალურად კონტროლდება, არავითარი პრობლემა არ არის და ზოგადად ეკონომიკაში ძალიან პოზიტიური მოლოდინები გვაქვს.

ბოლო ინფორმაციით, საწვავის ფასები შედარებით მსოფლიო ბაზარზე შემცირებულია და ლარიც გამყარებულია. მე მაქვს მოლოდინი, რომ საწვავის იმპორტიორები, გაითვალისწინებენ ჩვენი მოსახლეობის, ქვეყნის მდგომარეობას და რაც შეიძლება მალე მოახდენენ ფასების კორექტირებას. აქაც, ისევე, როგორც მედიკამენტების შემთხვევაში, უნდა გავხსნათ პროცესი და ყველას უნდა მიეცეს საშუალება შემოიტანოს ნავთობი, იმიტომ, რომ უფრო მეტი არჩევანის საშუალება ჰქონდეს ჩვენს მოქალაქეებს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბაზარზე ნავთობის რამდენიმე ათეული იმპორტიორი გაჩნდა.

„მინდა შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, რომ წინა ხელისუფლების დროს პრაქტიკულად რამდენიმე ჯგუფი არსებობდა ბაზარზე, ერთი ჯგუფის ხელში იყო მონოპოლიზებული და ისინი კარნახობდნენ, იძლეოდნენ დირექტივებს ყველა იმპორტიორის მიმართ. ეს იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრის კეზერაშვილის და სააკაშვილის ხელში. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, მინდა ყველას შევახსენო, რომ რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია. რამდენიმე ათეული შემომტანი გაჩნდა ბაზარზე. ჩამოყალიბდნენ მსხვილი ჯგუფებიც, იმიტომ, რომ არის თავისუფალი კონკურენცია ბაზარზე და სახელმწიფო უხეშად, ზედმეტად არ ერევა ფასების რეგულირებაში და ა.შ. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ სწორ პოლიტიკას ვახორციელებთ"-განაცხადა პრემიერმა.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საწვავზე ფასების ინდიკატორი არის კონტრაქტები, რომელიც იდება სამომავლო პერიოდში მოსაწოდებელ საწვავთან მიმართებაში. მისივე თქმით, ამ კონტრაქტებზე ფასები არის შემცირებული.

„საწვავის ხარისხის კომპონენტის შემოწმება აქამდეც ხდებოდა და მომავალშიც ანალოგიურად გაგრძელდება. რაც შეეხება ფასებს, ბუნებრივია, ფასების ინდიკატორი არის კონტრაქტები, რომელიც იდება სამომავლო პერიოდში მოსაწოდებელ საწვავთან მიმართებაში. ამ კონტრაქტებზე ფასები არის შემცირებული, გასულ თვესთან შედარებით, როდესაც თებერვალში რამდენიმე წლის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა საერთაშორისო ბაზრებზე. გარკვეულწილად ვალუტის კურსიც ახდენს შესაბამის კორექტირებას, თუმცა ამ მხრივაც სტაბილურობა შეინიშნება. ბუნებრივია, ეს ყველაფერი საბოლოოდ აისახება საწვავის სარეალიზაციო ფასზე“, - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი