საქართველოს საზღვრები კონტროლდება, ეს რეალობაა, დანარჩენი ყველაფერი არის ბინძური ტყუილი - წულუკიანი

05 აპრილი 2022, 13:28 1243 ნახვა

საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას გაუგონარ დეზინფორმაციას უწოდებს.

წულუკიანმა მიმართა უკრაინის ვიცე-პრემიერს, ირინა ვერეშჩუკს და აღნიშნა, რომ საქართველოს საზღვრები კონტროლდება, რათა ნებისმიერი სანქცირებული, იქნება ეს სამხედრო, ორმაგი დანიშნულების მასალა, თუ საქონელი, არ ასცდეს მკაცრ საბაჟო მონიტორინგს.

მისივე თქმით, საქართველოს ბრალი ვერ იქნება, თუ უკრაინა, სამწუხაროდ, საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად გადაიქცა.

„გუშინ ვნახეთ გაუგონარი დეზინფორმაცია, თითქოს რუსეთის ფედერაცია მართავს, თუ აწყობს არხებს იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორია გამოიყენოს გარკვეული ტიპის კონტრაბანდისთვის, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ჩვენ ვნახეთ უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ძალიან ემოციური, ტკივილით დატვირთული ვიდეომიმართვა ქართველი ხალხისადმი, რომელშიც ის ეკითხება ქართველ ხალხს, რა დაგიშავეთ ასეთი, რომ ასეთი მთავრობა გყავთო?! მოკლედ ეს იყო რეზიუმე იმ ძალიან ძნელად მოსასმენი, ბევრი წუხილითა და გაუსაძლისი ტკივილით დატვირთული ვიდეომიმართვისა.

ამ მიმართვისას ქალბატონმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ საუბრობდა როგორც თავისი ქვეყნის მოქალაქე და მისივე სახელმწიფოს ვიცე პრემიერ-მინისტრი. გამოდის, რომ მეც მიწევს ამაზე საუბარი როგორც ჩემი ქვეყნის მოქალაქეს და ჩემი ქვეყნის მთავრობის ვიცე-პრემიერს. მინდა, მათ კიდევ ერთხელ მივმართო, ქალბატონ ვერეშჩუკს და ასევე ჩვენთვის ძალზე ძვირფას უკრაინელ ხალხს. კიდევ ერთხელ გავიზიარო ჩემი მთავრობის, მთელი ჩვენი ხალხის სახელით ის დიდი ტკივილი, ვინაიდან საქმე გვაქვს ენით აღუწერელ სისასტიკეებთან.

მინდა, ქალბატონ ვერეშჩუკს ვუთხრა. ძვირფასო კოლეგავ, მინდა, გჯეროდეთ და გარწმუნებთ, საქართველოს საზღვრები კონტროლდება. ამის შესახებ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ეს საზღვრები კონტროლდება სწორედ იმისთვის, რომ ნებისმიერი სანქცირებული, იქნება ეს სამხედრო, ორმაგი დანიშნულების მასალა, თუ საქონელი, არ ასცდეს მკაცრ საბაჟო მონიტორინგს ჩვენს საზღვრებზე. ეს არის რეალობა, დანარჩენი ყველაფერი არის ბინძური ტყუილი", – აღნიშნა წულუკიანმა.

წულუკიანის განცხადებით, რაც უკრაინაში ხდება, არის არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ტრაგედია, არამედ ყველას ტრაგედია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი