სასამართლომ ჟურნალისტების მიმართ ძალადობაში ბრალდებული შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

04 აპრილი 2022, 15:09 826 ნახვა

ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა.

მოსამართლემ ბრალდებულები ჯგუფურ ძალადობაში ცნო დამნაშავედ.

ბრალდებულებიდან მხოლოდ ერთს მიესაჯა ხუთი ათას ლარიანი ჯარიმა, დანარჩენ ექვს პირს კი პატიმრობა შეეფარდა.

გიორგი ნასყიდაშვილს ერთი წელი და სამი თვე შეეფარდა, გიორგი კახიანს ერთი წელი და სამი თვე, რომეო კეკუტიას ერთი წელი და სამი თვე, ზაზა მჭედლიძეს ერთი წელი და სამი თვე, თემურ ხარაულს ერთი წელი და ერთი თვე, ილია ქებაძეს ერთი წელი და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, უშანგი დათუნაშვილს დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარი.

დაკავებული პირებიდან ბრალს ამ დრომდე არც ერთი არ აღიარებს.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით 27 პირი დააკავეს. საქმეს 56 დაზარალებული ჰყავს, მათ შორის, 47 ჟურნალისტია.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში