განაჩენი 5 ივლისის საქმეზე

04 აპრილი 2022, 11:06 584 ნახვა

სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის ლექსო ლაშქარავას მიმართ 5 ივლისს განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულების საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება. ამ საქმეზე დაკავებული 27 პირის საქმე სასამართლოში რამდენიმე ეპიზოდად მიმდინარეობდა.

ერთერთი ეპიზოდზე სხდომა ერთი საათის წინ დაიწყო, საქმე ეხება ქაშუეთის ეკლესიასთან განვითარებულ მოვლენებს, სადაც დაზარალებულები არიან პირველი არხის ოპერატორი, რუსთავი ორის ჟურნალისტი და ფორმულას ფოტოგრაფი. დანარჩენ ეპიზოდებზე სხდომა კი 13-სა და 15 საათზე დაიწყება. დაკავებული პირებიდან ბრალს ამ დრომდე არც ერთი აღიარებს.

საქმეზე სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში არაერთი მტკიცებულება აქვს წარმოდგენილი, მათ შორის ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც დაკავებულების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობაა ასახული.

ამასთან, პროკურატურამ არაერთი მოწმე დაკითხა, მათ შორის, სამართალდამცავები, რომლებიც დეტალურად აღწერდნენ ბრალდებულების მხრიდან განხორციელებულ ძალადობას. სახელმწიფო ბრალდებას აღნიშნულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. ამ საქმეზე 27 პირი დააკავეს, საქმეს კი 56 დაზარალებული ჰყავს, მათ შორის, 47 ჟურნალისტია.

განაჩენის გამოცხადების პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ბრალდებულების მხარდამჭერები არიან  შეკრებილები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში