ქუთაისში, საწვავის ფასის ზრდის გამო საპროტესტო აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გადაიდო

29 მარტი 2022, 18:54 772 ნახვა

ქუთაისში, საწვავის ფასის ზრდის გამო საპროტესტო აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გადაიდო. თუმცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სამოქალაქო აქტივისტები სასამართლო დარბაზიდან დავის დასრულებამდე გაათავისუფლა.

გიორგი ლოლაძე და თამაზ გურგენიძე ამბობს, რომ მათი მოთხოვნები საწვავის ფასის შემცირებასთან დაკავშირებით უცვლელია.

აქტივისტებისთვის მიუღებელია პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ აქციის უკან ,,ნაციონალური მოძრაობა'' დგას. ამბობენ, რომ მათ ამ პოლიტიკურ პარტიასთან შეხება არ აქვთ.

დაკავებულების ადვოკატების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები წაყენებულ ბრალს არ ეთანხმებიან. გიორგი ლოლაძეს და თამაზ გურგენიძეს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით აქვთ წაყენებული, რომელიც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 15 დღიანი პატიმრობა ან 2000 დან 3000 ლარამდე გირაოა განსაზღვრული.

27 მარტს აქციაზე, მოქალაქეები იმერეთის გუბერნატორთან და ქუთაისის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. პროტესტის ნიშნად აქციის მონაწილეებმა ავტომობილებით გზა გადაკეტეს, რის გამოც პოლიციამ ორი მათგანი დააკავა.

მომდევნო სხდომა 5 აპრილს 18:00 საათზე ჩაინიშნა. 

3 აპრილს, ქუთაისში მოქალაქეები საწვავის ფასის ზრდას ისევ გააპროტესტებენ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი