ომის მეორე დღე უკრაინაში

25 თებერვალი 2022, 15:16 1366 ნახვა

უკრაინელები დანებებას არ აპირებენ. რიგითი მოქალაქეები. მათ შორის ქალები და ხანდაზმულები გრძელ რიგებში დგანან სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისთან, რათა ჩაეწერონ  სიაში, რომ  საკუთარი ძალებით დაიცვან სამშობლო. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული თავდაცვის ძალების მეთაურის იური გალუშკინის განცხადებას ავრცელებს.

გალუშკინის განცხადებით, ახლა უკრაინას ყველა სჭირდება, ამიტომ გამარტივებულია ტერიტორიული თავდაცვის ძალებში ჩარიცხვის პროცედურები. იხსნება ასაკობრივი შეზღუდვა.

ამის პარალელურად კი უკრაინის შსს მოქალაქეებისთვის ე.წ-ლი  მოლოტოვის კოქტეილის დამზადების ინსტრუქციას ავრცელებს. უკრაინის ოფიციალური პირები სოციალურ ქსელში წერენ, რომ რუსული ძალები კიევში იმყოფებიან.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კიევის ობოლონის რაიონში რუსეთის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები არიან. უწყება განცხადებას „ტვიტერის“ გვერდზე აქვეყნებს. კიევში გაანეიტრალეს რუსი დივერსანტები, რომლებმაც მანამდე შეიარაღებული ძალების  ავტომობილი ჩაიგდეს ხელში და  კიევის ცენტრისკენ გაემართნენ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი აცხადებს.  მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა ოკუპანტებმა  უკრაინის შეიარაღებული ძალების ავტომობილი გაიტაცეს, გადაიცვეს უკრაინელი სამხედროების ფორმები და დიდი სიჩქარით ობოლონის მხრიდან კიევის ცენტრისკენ დაიძრნენ. 

ოკუპანტებს უკან მიჰყვებოდნენ მტრის სატვირთო მანქანების კოლონა. კიევის მკვიდრებს სთხოვდნენ ოკუპანტების გადაადგილების შესახებ ეცნობებინათ. ისინი ოპერატიულად გაანეიტრალეს - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი