7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

21 თებერვალი 2022, 14:50 721 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას ესწრება თავად ბრალდებული სააკაშვილი.

დღევანდელ პროცესზე  მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სააკაშვილის სხდომათა დარბაზში, ადვოკატების გვერდით განთავსება მოითხოვეს.

აღნიშნული შუამდგომლობით უფლებადამცველებმა მოსამართლეთა კოლეგიას მიმართეს.

კოლეგიის თავმჯდომარის ნინო ელიეშვილის განმარტებით, დარბაზი უსაფრთხოებისთვის ამგვარადაა მოწყობილი და ამ წესს ვერ შეცვლის.

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არცერთი მტკიცებულება არ არსებობს. 

მიხეილ სააკაშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ ის, რაც მის მიმართ ხდება, ინვალიდიზაციისა და მკვლელობის დაგეგმილი პროცესია.

„ჩემთვის ეს არის არჩევანი სამშობლოს დაკარგვასა და შიშით სიკვდილს შორის. მეც მქონდა არჩევანი კომფორტში ცხოვრების, ყველაფერი ეს მივატოვე და აქ ჩამოვედი. ჩვენს ხალხს აქვს არჩევანი მოქმედებასა და უმოქმედობას შორის. პოლიტიკოსებს აქვთ არჩევანი პირად ამბიციებსა და ერთიანობას შორის იმ ქვეყანაში, სადაც ყოველი მესამე სოციალურ შემწეობას ითხოვს.

რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის, რაც ჩემ მიმართ ხდება, ეს არის ჩვეულებრივ დაგეგმილი პროცესი ინვალიდიზაციის და მკვლელობის. ეს არის სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა, ეს არის ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა“,-განაცხადა სააკაშვილმა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ, ჩვენებას 3 მოწმე მისცემს, რომელთაც საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვთ.

სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში