ბათუმის სანაპირო ზოლზე არსებული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია შერეული სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს.
რეზო ხარაზმა მერიის კანცელარიაში ოფიციალური მიმართვა დაარეგისტრირა, რომლითაც იგი არჩილ ჩიქოვანს ექსპერტებისა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისიის შექმნის ინიციატივით მიმართავს.
ამასთან, საკრებულოს ოპოზიციის წევრებმა მერთან ურთიერთობის ახალი ფორმატი შეიმუშავეს. მერს საბიუჯეტო ცვლილებებთან, გოგოლის ქუჩაზე უკანონო მშენებლობასთან და მამია ვარშაძიძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით კითხვები კანცელარიის გავლით გაუგზავნეს. ოპოზიციას დღეს მერიაში არჩილ ჩიქოვანის კაბინეტთან კვლავ პოლიციელები დახვდა.
ქალაქის მერს დღეს სატელევიზიო კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა გადაცემა ,,მთავარში 8-ზე “, დაზიანებული სანაპირო ზოლის აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ კონსულტაციები ნაპირსამაგრ სამუშაოებთან დაკავშირებით დაწყებულია და პრობლემა დროულად მოგვარდება.