ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სოციალური აგენტებისთვის ხელფასის გაზრდა მოხდა, რის შემდეგაც ანაზღაურება, დატვირთულობიდან გამომდინარე, ადეკვატურია.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, რიგ შემთხვევებში, ხელფასის 60%-იანი ზრდაც მოხდა.
მისივე თქმით, მათ შეუძლიათ თითქმის, 2-ჯერ მეტი ხელფასი აიღონ, რაც ფიქსირებულია.
„სოციალური აგენტების ხელფასის განხილვა რამდენიმე თვის განმავლობაში მიდიოდა და მათი ფუნქციებიდან, დატვირთულობიდან და იმ სამუშაო დღიდან გამომდინარე, წინა კვირაში შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღეთ და ზოგიერთ შემთხვევაში, ხელფასის 60%-იანი მატებაც არის და ხელფასის გარდა, მათ შეუძლიათ გამომუშავებით მიიღონ შემოსავალი და ის შემოსავალიც თითოეულ შევსებულ დეკლარაციაზე 6-დან 10-ლარამდე გავზარდეთ.
მე გეტყვით, რა მოცემულობაა და აქედან გამომდინარე, მიხვდებით, ეს ადეკვატურია თუ არა. კომპენსაციის ჩათვლით ჯამურად შეუძლიათ თითქმის, 2-ჯერ მეტი ხელფასი აიღონ, რაც ფიქსირებულია, იმასთან შედარებით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, მათი დატვირთულობიდან გამომდინარე ეს ხელფასი არის ადეკვატური“, - განაცხადა აზარაშვილმა.