საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სანატორიუმ ''ქართლში'' მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და პირველადი ინფორმაციით ეს არის უბედური შემთხვევა.
„ეს არის უბედური შემთხვევა, რაც სამწუხაროდ მოხდა. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. რაც შეეხება სანატორიუმ „ქართლში“ და სხვაგან მცხოვრები დევნილების პრობლემებს, ამასთან დაკავშირებით სამინისტროში ჩემი მისვლის პირველივე დღიდან იმართება კონსულტაციები. გვაქვს კონკრეტული ხედვა და გეგმა თუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ დევნილებისთვის ის პრიორიტეტები, რაც მომდევნო 3 წლის განმავლობაში გვაქვს დასახული, 13 000 ოჯახი უზრუნველვყოთ ბინით. ზუსტად ვიცით როგორ გავაკეთოთ ეს და რა გეგმებს უნდა მივყვეთ.
გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და პირველადი ინფორმაციით, ეს არის უბედური შემთხვევა, ჩემი თხოვნა იქნება დაველოდოთ გამოძიებას, ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
16 იანვარს თემქაზე სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილების აქციაზე ერთ-ერთი მონაწილე შენობიდან გადმოხტა. ადგილზე მყოფი მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ კაცმა პროტესტის ნიშნად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.