სააკაშვილის წამების, არაადამიანური მოპყრობის, ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე უკრაინის გენპროკურატურაში საქმე აღიძრა - უკრაინელი ადვოკატი

14 იანვარი 2022, 13:25 867 ნახვა

უკრაინის გენერალურ პროკურატურაში სააკაშვილთან დაკავშირებული წამების, არაადამიანური მოპყრობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და არასწორი მკურნალობის ფაქტებზე, პენიტენციური სამსახურის თანამდებობის პირების მიმართ რამდენიმე საქმე აღიძრა. ამის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა გააკეთა.

როგორც უკრაინელმა ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, უკრაინა გააკეთებს ყველაფერს, რათა ამ პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

"შევხვდით მიხეილ სააკაშვილს, მან უფლება მოგვცა გვეთქვა გარკვეული ინფორმაცია, კერძოდ ის, რომ უკრაინაში უკვე აღძრულია რამდენიმე საქმე საქართველოს პენიტენციური სამსახურის რამდენიმე თანამდებობის პირზე, დაკავშირებული წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან, ჯანმრთელობის დაზიანებასთან.

 

საქართველოს ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ არ შეუძლია ამ პირების სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაშალა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ უკრაინა გააკეთებს ყველაფერს, რათა დადგეს ამ პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

 

მიხეილ სააკაშვილმა დაწერა განცხადება, რომ ის ამ საქმეებში ცნონ დაზარალებულად. ჩვენ უკვე ჩავატარეთ არაერთი შეხვედრა უკრაინის სახელმწიფო უწყებებთან. ექიმები და ექსპერტები მზად არიან ჩამოვიდნენ საქართველოში იმისთვის, რომ შეფასდეს, რა ხარისხის ზიანი მიადგა სააკაშვილის ჯანმრთელობას. როდესაც დავბრუნდებით უკრაინაში, შესაბამის დოკუმენტაციას ჩავაბარებთ გენერალურ პროკურატურას და მიხეილ სააკაშვილმაც პირადად მიმართა გენპროკურორს. ჩვენ ვთვლით, რომ მიმდინარეობს სისტემური და სისტემატიური მუშაობა, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობას კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგეს“, - აღნიშნა ევგენი გრუშოვეცმა.

ადვოკატის შეფასებით, ინსპექტორის სამსახურის გაუქმება სააკაშვილის საქმესთან პირდაპირ კავშირშია და უკრაინისთვის მნიშვნელოვან სიგნალს წარმოადგენს.

"უკრაინის სახელმწიფო იცავს თავისი მოქალაქის ინტერესებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ამისთვის ყველა ბერკეტს იყენებს, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის წამებაზე და გაურკვეველი ფსიქოტროპული წამლების მიღებაზე საქმე უკვე აღძრულია და მიმდინარეობს გამოძიება.

,სააკაშვილმა გადმოგვცა განცხადება მისი დაზარალებულად ცნობის თაობაზე და მხარე რომელიც დაზარალებულს წარმოადგენს აქტიურად განახორციელებს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს. ჩვენ გავოცდით როდესაც გავიგეთ,რომ საქალაქო სასამართლომ გააუქმა ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება, ეს ნიშნავს იმას, რომ დამოუკიდებელი უწყება დაიშალა და ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი უკრაინისთვის"- განაცხადა ვლადისლავ გრიშენკომ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში