მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა არ დააპატიმრებენ 

12 იანვარი 2022, 11:13 223 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთლი  დამნაშავედ სცნო, თუმცა დევნის ხანდაზმულობის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.

მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ.

"მამუკა ხაზარაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.

ბადრი ჯაფარიძე ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.

ავთანდილ წერეთლის ქმედება გადაკვალიფიცირდა, ისიც ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით"- განაცხადა სასამართლო პროცესზე მოსამართლემ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც. 

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ისინი განაჩენს გაასაჩივრებენ.

"ეს ბრძოლა გაგრძელდება ეს არის პრინციპის და ღირსების საკითხი. ჩვენ ამ განაჩენს გავასაჩივრებთ, მიუხედავად იმისა, რომ ციხეში არ მივდივართ" - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ბადრი ჯაფარიძის განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილება არის გაგრძელება იმ თაღლითობის, რომელსაც სჩადიოდა პროკურატურა ამ დროის განმავლობაში.

"ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არანაირი დანაშაული არ მომხდარა, ეს იყო ბრძოლა ჩვენი ფინანსური ინსტიტუტის გადასარჩენად"- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ავთანდილ წერეთლის თქმით, გადაწყვეტილებას ისიც გაასაჩივრებს.

"გადაწყვეტილება გასაჩივრდება, ჯერ თურმე ფულს ვათეთრებდი, ახლა თაღლითიც გამხადეს. რისთვის მომისაჯეს 7 წელი თვითონაც არ იციან"-განაცხადა ავთანდილ წერეთელმა.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში