ბათუმის საკრებულოს სხდომა დღესაც ჩაიშალა - ''ქართული ოცნება'' სხდომაზე ისევ არ მივიდა 

30 დეკემბერი 2021, 11:51 1088 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრების მოთხოვნით ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა დღეს, 11 საათზე უნდა გამართულიყო. სხდომაზე ''ქართული ოცნების'' დეპუტატები კვლავ არ მივიდნენ. 

სხდომაზე საკრებულოს 10 წევრი იყო. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ მათი კოლეგების ნაწილი შიმშილობს, ამიტომ დღეს დაანონსებულ შხვედრაზე  ვერ გამოცხადდნენ. 

საკრებულოში ''ლელოს'' წევრი ირაკლი კუპრაძე და გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი აკაკი გვიანიძე იმყოფებოდნენ. 

პოზიციის მოთხოვნით, სხდომის დღის წესრიგი ორი საკითხის კენჭისყრას ითვალისწინებდა: საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა და 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ წინა მოწვევის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების ბათილად ცნობა.

რეზო ხარაზის განცხადებით, მმართველი გუნდის დეპუტატები პასუხიმგებლობას გაურბიან და სხდომებზე არ მიდიან. 

''საქართველოს მესამე პრეზიდენტს პუტინის დავალებით კლავენ. ამ მძიმე მდგომარეობის პარალელურად ჩვენ  შევეცადეთ, რომ ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარებულიყო და მოსულიყვნენ ''ქართული ოცნების'' წევრები, რომლებსაც თითქოსდა  პასუხისმგებლობა  აქვთ აღებული 2022 წლის ბიუჯეტზე. როგორც აღმოჩნდა ისინი ამ პასუხიმგებლობას გაურბიან და იქცევიან უპასუხისმგებლოდ. უფრო მეტიც, მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ''ქართული ოცნების'' ფრაქციის თავმჯდომარემ და მისმა ხუთმა მოადგილემ ამ თვეში ხელფასის სახით 12 000 ლარი. მათ არ აინტერესებთ ვინ სად და როგორ გაატარებს ახალ წელს. კორუმპირებული მერი კი პოლიციის უკან იმალება'' - განაცხადა რეზო ხარაზმა.

ნაზი ფუტკარაძე კი, რომელიც გარდაცვლილი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის დაა აცხადებს, რომ თუ პროცესები ასე გაგრძელდა ისინი ბრძოლის სხვა მეთოდებს მიმართავენ. მათ შორის არ არის გამორიცხული შეუერთდნენ თბილისში მოშიმშილეებს. 

''ქართული ოცნების'' წევრების განცხადებით, ისინი ამ თამაშში მონაწილეობას არ მიიღებენ და ქალაქში კრიზისს არ შექმნიან. თენგიზ აფხაზავას თქმით, მოლაპარაკებისთვის მზად არიან.

''ვიმედოვნებ, რომ ჩვენ საღად მოაზროვნე  ადამიანებთან გარკვეული შეთანხმების მიღწევას მალე შეძლებენ და ავირცევთ საკრებულოში ანამდებობის პირებს. ასეთ სხდომებს არ დავესწრებით, ეს არის ჩვენი გუნდის გადაწყვეტილება. მახსოვს ბავშვობაში ''სახლობანას'' ვთამაშობდით, ამათმა დაიწყეს ''სხდომობანას'' თამაში.ჩვენს გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, პოლიტიკური გუნდი კი აცხადებს, რომ საკითხებზე სასაუბროდ ოცნებასთან არ დაჯდება - ასეთ სხდომაზე მისვლას აზრი არ აქვს. მეორე თემაა პროვოკაციული და დესტრუქციული საკითხის დაყენება. უკვე მიღებული ბიუჯეტის გაუქმება. ქალაქში კრიზისს არ შევქმნით. რამდენჯერაც მსგავსი სხდომა ჩაინიშნება, განწირული იქნება, ქვორუმი ვერ შედგება'' - განაცხადა ''ქართული ოცნების'' დეპუტატმა. 

რაც შეეხება ხელფასებისა და დანამატების საკითხს, თენგიზ აფხაზავას განცხადებით, ისინი კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებენ. 

''პირველ სხდომაზე როდესაც უფლებამოსილების ცნობა მოხდა და თვითონაც  მიიღეს მონაწილეობა. შეეძლოთ დაერეგისტრირებინათ ფრაქცია. ჩვენ დავდივართ შეხვედრებზე, ჩვენი მაჟორიტარები ხვდებიან მოსახლეობას, ვხდებით მოქალაქეებს და ყველა აქტივობაში ვერთვებით'' - განაცხადა აფხაზავამ.  

საკრებულოს პირველი სხდომა 3 დეკემბერს გაიმართა. მაშინ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. შემდეგი სხდომა კი ''ნაციონალური მოძრაობის'' მოთხოვნით 23 დეკემბერს ჩაინიშნა. ქვორუმის არარსებობის გამო კი ვერ შედგა. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი