ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ''ქართული ოცნება'' არ მივიდა

23 დეკემბერი 2021, 11:27 1637 ნახვა

ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო ვერ დაიწყო. სხდომა ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' მოთხოვნით დღეს, 23 დეკემბერს 11 საათზე უნდა გამართულიყო. ''ქართული ოცნების წევრები'' საკრებულოში არ მივიდნენ. 

გამოცხადდა ერთსაათიანი შესვენება. 

ოპოზიციის მოთხოვნით, სხდომის დღის წესრიგი ორი საკითხის კენჭისყრას ითვალისწინებს: საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა და 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ წინა მოწვევის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების ბათილად ცნობა.

სხდომაზე ''ნაციონალური მოძრაობის'', ''ლელოს'' და პარტია ''საქართველოსთვის'' ერთი წევრი გამოცხადდა. 16 ხმა კი ქვორუმისთვის არასაკმარისი იყო.

''ჩვენი მოთხოვნა იყო საკრებულოს სხდომის ჩატარება, ''ოცნების'' ე.წ. ფრაქცია ჯერ-ჯერობით არ ჩანს.  რეგლამენტის მიხედვით ერთსაათიან შესვენებას ვაცხადებთ და დაველოდებით, იქნებ შემოგვიერთდნენ'' - განაცხადა ნაზი ფუტკარაძემ. 

''ქართულმა ოცნებამ'' და ''ნაციონალურმა მოძრაობამ'' ეს ქალაქის კრიზისისთვის გაწირა - აცხადებენ გიორგი გახარიას თანაგუნდელები. 

''დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომა ვერ შედგა, რადგან ''ქართულა ოცნებამ'' ბოიკოტი გამოუცხადა წარმომადგენლობით ორგანოს, რაც არის უპრეცედენტო ნაბიჯი. სამწუხაროა, რომ ისინი წავიდნენ ამ გზით და არ წავიდნენ გზით, რომელიც კრიზისის დაძლევაში დაგვეხმარებოდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საკრებულო ასრულებდეს იმ მოვალეობას, რაც კანონით აქვს დაკისრებული. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენ პირველ სხდომაზე პირისპირ დავტოვეთ ''ქართული ოცნება'' - ერთადერთი საკითხი, რომელზეც შეთანხმდნენ იყო უფლებამოსილების ცნობა. უპასუხისმგებლო აქტი, რომელმაც საბოლოოდ შედეგი ვერ გამოიღო. პროცესებში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ,, ქართულ ოცნებას'' ეკისრება'' - განაცხადა აკაკი გვიანიძემ. 

ოპოზიციის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატი „ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრაძეა.

''ქართული ოცნების'' წევრების განცხადებით, ეს იყო შოუს მოწყობის მცდელობა.

,,ფრაქცია ''ქართული ოცნების'' მიერ არაერთხელ იქნა გახმოვანებული ინიციატივა კონსტრუქციული დიალოგისკენ. მიუხედავად ამისა არც ერთ პოლიტიკურ ძალას შემხვედრი ნაბიჯები არ გადმოუდგამს. პირველი სხდომა დატოვეს და არ განიხილეს, მათ შორის თავმჯდომარის არჩევის საკითხი. 

დღის წესრიგში შეიტანეს 2022 წლის ბიუჯეტის ბათილად ცნობის  საკითხი, ანუ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი ქალაქის განვითარებაზე კი არ ზრუნავენ, არამედ  დესტრუქციული ქმედებებისკენ არის მოწოდებული. ცდილობენ შეაფერხონ ქალაქის განვითარება'' - განაცხადა თენგიზ აფხაზავამ. 

იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, სხდომა გახსნილად ვერ გამოცხადდება, რადგან საკრებულოს 18 წევრიც კი ვერ შეიკრიბა. ის ლეგიტიმური ვერ იქნება. 

აკრებულოს პირველი სხდომა 3 დეკემბერს გაიმართა. მაშინ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი