თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში, ვარკეთილში ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
პროკურორის განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და დანაშაულის ხელახლა ჩადენის საფრთხეები. დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას დაეთანხმა.
სხდომაზე თავის პოზიცია დააფიქსირა თავად ბრალდებულმა, გოგა გზირიშვილმა.
„როგორც კი გავაანალიზე რაც გავაკეთე, ეგრევე დავრეკე პოლიციაში და მოვიყვანე პოლიცია ჩემთან. ცუდად ვარ“, – აღნიშნა ბრალდებულმა.
საქმის წინასასამართლო სხდომა 14 თებერვალს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22 დეკემბერს ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.