იმისთვის, რომ რეკონსილიაციის პროცესი დაჩქარდეს, 21 დეკემბერს ბევრი უნდა ვიყოთ - მიხეილ სააკაშვილი

17 დეკემბერი 2021, 18:16 801 ნახვა

იმისათვის, რომ რეკონსილიაციის პროცესი დაჩქარდეს და რეალური კონტურები შეიძინოს, დაუყოვნებლივ მივაღწიოთ პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტას და ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ პოლიტიკურ ცვლილებებს, 21 დეკემბერს ბევრნი უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.

მისივე განცხადებით, ექსპრეზიდენტი დიალოგის შეთავაზებას მიესალმება, თუმცა აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია შედეგების დანახვა.

"მე მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მიესალმება დიალოგის შეთავაზებას, რომ მეც თქვენს რიგებში ვარ. მაგრამ, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანია დავინახოთ შედეგი, და თან, დავინახოთ რაც შეიძლება სწრაფად. ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ვითარება ვერ აიტანს დაყოვნებას.

ამიტომაც, იმისათვის, რომ რეკონსილიაციის პროცესი დაჩქარდეს და რეალური კონტურები შეიძინოს, დაუყოვნებლივ მივაღწიოთ პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტას და ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ პოლიტიკურ ცვლილებებს, 21 დეკემბერს ბევრნი უნდა ვიყოთ.

ცალკე მინდა მივმართო ჩემს მომხრეებს: ვიცი, როგორ შეგტკივათ გული და როგორ დაუღალავად იბრძვით ჩემი თავისუფლებისა და სიცოცხლისთვის. მინდა გაითვალისწინოთ, იმისათვის, რომ მე გამოვიდე ციხიდან, ჯერ თქვენ უნდა გამოხვიდეთ ქუჩაში და რაც შეიძლება მძლავრი მშვიდობიანი პროტესტი დაანახოთ ხელისუფლებას!

ეს დააჩქარებს კრიზისის დაძლევასაც და დიალოგსაც. ეს უზრუნველყოფს ჩემს თავისუფლებასაც და ფიზიკურ გადარჩენასაც! სხვანაირად საზოგადოების იგნორირება და მოტყუება გარდაუვლად გაგრძელდება. ჩვენ დროის დაკარგვის ფუფუნება არ გვაქვს!

აბა თქვენ იცით! გორის ჰოსპიტლიდან გგულშემატკივრობთ ყველას!

და, რაც მთავარია, ვგულშემატკივრობ, ვიბრძვი და ვლოცულობ ჩვენი სამშობლოსთვის", - წერს სააკაშვილი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში