აშშ მხარს დაუჭერს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას - კელი დეგნანი

14 დეკემბერი 2021, 20:12 783 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, დემოკრატიის სამიტზე სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

მისივე შეფასებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის სამიტზე ძალიან კარგად დაახასიათა საქართველოში არსებული სიტუაცია.

"ჩემი აზრით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ძალიან კარგად დაახასიათა საქართველოში არსებული სიტუაცია, ბაიდენის დემოკრატიის სამიტზე მის შესანიშნავ გამოსვლაში. მან ისაუბრა გამოწვევებზეც და შესაძლებლობებზეც. ის გამოვიდა ინკლუზიური მმართველობის მოწოდებით. ის გამოვიდა პოლარიზაციის განმუხტვის მოწოდებით, დიალოგის მოწოდებით, რომელიც იქნებოდა გაჯანსაღების დასაწყისი საქართველოში. აშშ მოხარული იქნება, დაუჭიროს მხარი ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობდა პოლარიზაციის შემცირებას და რომელიც გაამთელებდა ღრმა დაყოფას. ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. პრეზიდენტმა, როგორც ქვეყნის გამაერთიანებელმა თავისი როლის ფარგლებში, რაც კონსტიტუციით აქვს, წინ წამოწია ეს ინიციატივა, რომელსაც დიდი სიამოვნებით დავუჭერთ მხარს“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანმა ასევე აღნიშნა, აშშ მზად არის, მხარი დაუჭიროს მართლმსაჯულების რეფორმის ნებისმიერ ძალისხმევას.

"აშშ დიდი ხანია საქართველოს პარტნიორი მართლმსაჯულების რეფორმის პროცესშია, რაც მიმართულია ამ სისტემის მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობის განმტკიცებისკენ და მართლმსაჯულების კომპეტენციის ამაღლებისკენ. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ რეფორმის ნებისმიერ ძალისხმევას. ის, რომ დღეს ამ ღონისძიებას ვმასპინძლობთ, რომელიც კანონის პრაქტიკაში გამოყენებას ეხება, ეს იმის ნიშანია, რომ მხარდაჭერას ვაგრძელებთ.

მე ვიტყოდი, რომ უკვე არსებობს საერთაშორისო რეკომენდაციები, რომელთა იმპლემენტაცია მოხდა. ჩვენ წვლილი შევიტანეთ ამაში, ვიმუშავეთ პარლამენტთან. ახლა კიდევ არის ვენეციის კომისიის თვალსაჩინო რეკომენდაციები, რეკომენდაციებია აშშ-სგან და სხვა საერთაშორისო ექსპერტებისგან, გზებთან დაკავშირებით, რომლითაც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა განმტკიცდება. იმედი მაქვს, შემდეგი ნაბიჯი იქნება ამ რეკომენდაციების ამოქმედება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვნახეთ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები უკვე შეთანხმდნენ, რომ ეს აუცილებელი რეფორმებია, რაც პრიორიტეტული უნდა იყოს", - განაცხადს დეგნანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი