მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ უნდა გადაიყვანონ, რადგან დეპრესია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა აქვს - კონსილიუმის დასკვნა

14 დეკემბერი 2021, 19:25 1219 ნახვა

სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს აქვს, დეპრესია და პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე სახალხო დამცველთან არსებული სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით,  ისინი მიხეილ სააკააშვილის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას  მხარს არ უჭერენ. 

"ადამიანს რადგან აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, ეს იმას გულისხმობს, რომ ეს ტრავმა, სტრესი ზუსტად იქ მიიღო, პენიტენციურ დაწესებულებაში, ყველაზე მეტად გლდანში. ამიტომ იქ გადაყვანას ჩვენ არ ვუჭერთ მხარს იმ გაგებით, რომ პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მკურნალობა უნდა მოხდეს იმ გარემოში, რომელიც სტრესს არ აგონებს ადამიანს, სადაც სტრესი მიიღო“, - განაცხადა თენგიზ წულაძემ.

თენგიზ წულაძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებო რჩება.

"ნევროლოგიური სიმპტომატიკიდან რჩება გარკვეული პათოლოგია, წონასწორობის დარღვევა, ზოგადი სისუსტე, გამოხატულია ანემია, ფსიქიური თვალსაზრისით არის მძიმე დეპრესია და ჩვენი მოსაზრებით, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. პაციენტის მკურნალობა მიმდინარეობს და სტაბილურია, თუმცა გვაქვს მოსაზრებები, რომელიც დეტალურად გავწერეთ დანართში. 25 ნოემბერს გავეცით ფსიქოთერაპიის შესახებ რეკომენდაცია, მაგრამ არ შესრულდა რაღაც მიზეზების გამო და ახლაც ვაკეთებთ ამაზე აქცენტს. რაც შეეხება ფიზიკურ რეაბილიტაციას, ძალიან მნიშვნელოვანია. ნევროლოგიური დაავადებები ხშირად არ მთავრდება ერთ დღეში, ერთ კვირაში და ხანგრძლივად საჭიროებს რეაბილიტაციას. რეაბილიტაციას კიდევ ხელს უშლის დეპრესიაც და პოსტტრავმული სტრესული აშლილობაც. ფსიქოთერაპიაც ამ მხრივაც დაგვეხმარება, რომ რეაბილიტაცია სრული მოცულობით ჩატარდეს“, - განაცხადა თენგიზ წულაძემ.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, კონსილიუმმა 12 დეკემბერს მოინახულა მიხეილ სააკაშვილი გორში, მათ სრულყოფილად გასინჯეს პაციენტი და გაეცნენ სამედიცინო ჩანაწერებს. დასკვნას, რომელსაც 9 ექიმი აწერს ხელს, ორი ნაწილისგან შედგება, მათ შორის ერთი საჯარო იქნება, მეორე კი კლინიკას გადაეცემა.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი