ბოლოჯერ მოვუწოდებთ ''ქართულ ოცნებასა'' და ''ნაციონალურ მოძრაობას'' დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან - გახარიას თანაგუნდელები

14 დეკემბერი 2021, 10:14 2656 ნახვა

გიორგი გახარიას თანაგუნდელები ''ქართული ოცნებისა'' და ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრებს შეხვედრას სთავაზობენ.  „საქართველოსთვის“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს, რომ მხარეებს 16 დეკემბერს, 12 საათზე პარტიის ოფისში ელოდებიან. 

ირაკლი მიქელაძის განცხადებით, პარტიას აქვს მხოლოდ ერთი მოთხოვნა, რომ ბათუმის საკრებულო უნდა დაკომპლექტდეს ბალანსის დაცვით.

მისივე განმარტებით, ეს გულისხმობს საკრებულოში არსებული თანამდებობების ისეთ გადანაწილებას, რაც შეუძლებელს გახდის რომელიმე კონკრეტული პარტიის, ან კოალიციის ხელში - სრული ძალაუფლების კონსოლიდირებას.

''სამწუხაროდ, საზოგადოებამ კვლავ იხილა, რომ არც ქართულ ოცნებას და არც ნაციონალურ მოძრაობას არ ამოძრავებს რეალურად სახელმწიფო ინტერესები და მათი ინტერესის საგანს არ წარმოადგენს მოქალაქეების კეთილდღეობა.

რა თქმა უნდა, ეს არ გვათავისუფლებს ჩვენ პასუხისმგებლობისგან, რომელიც აღებული გვაქვს ჩვენი ამომრჩევლის და მთლიანად ქალაქის/სახელმწიფოს წინაშე. ჩვენ ზუსტად გვესმის, რომ საზოგადოება ჩვენგან ყოველთვის ელოდება რაციონალურ და სახელმწიფოებრივ ნაბიჯებს, რადგან ერთადერთ პოლიტიკურ ძალად ვრჩებით ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რომელსაც შეიძლება ადამიანი დღეს დაეყრდნოს.

სწორედ ამიტომ, ჩვენ ვუკეთებთ საბოლოო შეთავაზებას, როგორც ქართულ ოცნებას, ასევე ნაციონალურ მოძრაობას, რომ ერთხელ მაინც შეძლონ პოლიტიკურ ეგოზე გადაბიჯება და საზოგადოებრივი ინტერესებიდან ამოსვლა.

ბოლოჯერ მოვუწოდებთ, ორივე მხარეს, რომ ამა წლის 16 დეკემბერს, 12 საათზე, მობრძანდნენ პარტია ,,საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში. სადაც ყველა მხარე დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან და მივიღებთ ისეთ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას, რომელიც თავიდან აგვაცილებს ყველა შესაძლო კრიზისს და დაგვეხმარება საკრებულოს ეფექტიანად ჯერ დაკომპლექტებაში, ხოლო შემდეგ მუშაობაში.

ჩვენ ვრჩებით, რა თქმა უნდა, ჩვენი იდეების, პრინციპების, დასავლური/ცივილური სამყაროს მიერ აღიარებული ღირებულებების და რაც ყველაზე მთავარია - ამომრჩევლის ერთგულები. ამიტომ გვაქვს მხოლოდ ერთი მოთხოვნა, რომ ბათუმის საკრებულო უნდა დაკომპლექტდეს ბალანსის სრული დაცვით, რაც გულისხმობს საკრებულოში არსებული თანამდებობების ისეთ გადანაწილებას, რაც შეუძლებელს გახდის რომელიმე კონკრეტული პარტიის, ან კოალიციის ხელში - სრული ძალაუფლების კონსოლიდირებას.

თუ ამ შემოთავაზებაზე, რომელიმე პარტია უარს განაცხადებს, ეს ცხადყოფს კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი მაქსიმალური მცდელობის მიუხედავად, ეს პარტიები არ არიან მზად სწორად საქმის კეთებისთვის და ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან, რათა საკუთარი პოლიტიკური ინტერესები დაიკმაყოფილონ. ამიტომ, ყველა შესაძლო კრიზისი, რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტის ირგვლივ განვითარდება, სრულად, დაეკისრება ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას.

მოვუწოდებთ, ორივე პარტიას, კარგად გაანალიზონ ეს პასუხისმგებლობა !!'' - წერს ირაკლი მიქელაძე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში