საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 2021 წლის 12 ნოემბერს, ქ. ბათუმში, საპროტესტო აქციის დროს დაკავებული თემურ გორგაძის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული პატიმრობა გააუქმა.
"თემურ გორგაძის განმარტებით, მას, როგორც პოლიტიკურად აქტიურ პირს და მუსლიმი თემის წარმომადგენელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სისტემატურად უსმენს და უთვალთვალებს. სწორედ ამ ფაქტის გაპროტესტების მიზნით, მან 2021 წლის 12 ნოემბერს გადაწყვიტა გაემართა აქცია-პერფორმანსი უსაფრთხოების სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე. კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციული შენობის (ეზოს) შესასვლელ ჭიშკართან ის საკუთარი ავტომანქანით იდგა და ავტომობილის საქარე და გვერდით მინებზე გაკრული ჰქონდა საპროტესტო პლაკატები. პროტესტის გამოხატვის დროს თემურ გორგაძე პოლიციამ შეკრებებისა და მანიფესტაციების წესის დარღვევის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით დააკავა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ თემურ გორგაძე სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახედ და ზომად შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 5 დღის ვადით.
თემურ გორგაძემ საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილების გაუქმება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მისი საჩივარი და მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა"-აცხადებენ საიაში.
მათივე განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თემურ გორგაძის აქცია-პერფორმანსი თავსდება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გათვალისწინებული აზრის თავისუფალ გამოხატვაში.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თემურ გორგაძის ქმედებები არ გასცდენია მისთვის კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, რაც გამორიცხავდა მის ქმედებაში სამართალდარღვევის ნიშნების არსებობას და საქმის წარმოება შეწყვიტა.
თემურ გორგაძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს უჩივლებს, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.