აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოწმეთა გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.
მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ყოფილი წევრები - ბეჟან გობაძე და ნატა იმედაიშვილი სასამართლოში არც ამჯერად მივიდნენ. მოწმეთა გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსთვის უცნობია.
მომდევნო სხდომაზე სასამართლო მაუწყებლის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ყოფილ უფროსს და საბჭოს ამჟამინდელ წევრს გია ქარცივაძეს მოუსმენს.
მრჩევლის დაკითხვა მოსარჩელე მხარემ მოითხოვა და მიუთითა, რომ მნიშვნელოვანია მტკიცებულებების გამოკვლევამდე მოსამართლემ მოწმეებს მოუსმინოს.
მომდევნო სხდომაზე მოწმეთა დაკითხვასთან ერთად სასამართლო წერილობით მტკიცებულებებსაც გამოიკვლევს.
სასამართლომ მაუწყებლიდან გამოითხოვა ასევე შრომითი ხელშეკრულებები, იმ გარემოებების გამოსაკვლევად, თუ როგორ იყო თანაშრომლების კონკრეტული სამუშაოები განსაზღვრული ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი 2019 წლის 19 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების - იმპიჩმენტის, ბათილად ცნობას ითხოვს. ნათია კაპანაძის ინტერესებს საია იცავს.