ეს ქმედებები შეიცავს საფრთხეს, რომ ეჭვის ქვეშ დადგება სასამართლოს დამოუკიდებლობა - ევროკავშირი მოსამართლეების დანიშვნაზე 

02 დეკემბერი 2021, 16:59 749 ნახვა

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური უზენაეს სასამართლოში კიდევ ოთხი მოსამართლის უვადოდ დანიშვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს სასამართლო რეფორმის ვალდებულებასა და 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

მათივე თქმით, საქართველოს დახმარება ევროკავშირის მხრიდან საკვანძო რეფორმების პროცესში მიღწეულ წინსვლაზე იქნება დამოკიდებული სასამართლო რეფორმის ჩათვლით. 

''ბოლოდროინდელი დანიშვნები ეწინააღმდეგება ამა წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ფარგლებში საქართველოს ლიდერების მიერ აღებულ ვალდებულებას  მართლმსაჯულების ამბიციური რეფორმირების შესახებ, რაც  მათ 28 ივლისს კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ეს მოიცავდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნამდე კანდიდატების წარდგენის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას. ეს ქმედებები შეიცავს საფრთხეს, რომ უფრო მეტი ეჭვის ქვეშ დადგება სასამართლოს დამოუკიდებლობა და საზოგადოების ნდობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ. 

ევროკავშირი კიდევ ერთხელ იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ ხელი შეუწყონ სასამართლო სისტემის, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის განმტკიცებას, ფართო, ინკლიუზიური და პარტიებს შორის შეთანხმებული რეფორმების გზით.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მიუხედავად მისი მზადყოფნისა, სრულად  დაუჭიროს მხარი ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას, საქართველოს დახმარება ევროკავშირის მხრიდან  საკვანძო რეფორმების პროცესში მიღწეულ წინსვლაზე იქნება დამოკიდებული სასამართლო რეფორმის ჩათვლით'' - წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი