სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა განახლდა - პროცესს ორივე ბრალდებული ესწრება 

02 დეკემბერი 2021, 12:12 945 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა. სხდომას ესწრება მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაიყვანეს.

სხდომის დაწყებისას მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია გამოჰკითხა.

„მადლობა, მშვენივრად ვგრძნობ თავს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სხდომას ესწრება მეორე ბრალდებული, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი.

სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სიტყვიერი დაპირისპირება იყო ნიკა გვარამიასა და საქმის პროკურორს შორის.  ადვოკატებმა პროკურორ გიორგი მუჯირის აცილება მოითხოვეს. შუამდგომლობის არგუმენტად  მედიაში გავრცელებული ის ინტერვიუ დასახელდა, რომელშიც გიორგი მუჯირი საქმის დეტალებზე და გარემოებებზე საუბრობდა. ნიკა გვარამიას განცხადებით, გიორგი მუჯირის განცხადებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

პროკურორების განცხადებით, შუამდგომლობა დაუსაბუთებელია, რაც მოსამართლემ არ უნდა დააკმაყოფილოს.

„მათ სურთ, აღქმა გააჩინონ, რომ მხოლოდ პიჯაკებზე და სამგლოვიარო თაიგულის გამო სამართლდება სააკაშვილი. მათ დისკომფორტს უქმნის საქმეში ის უამრავი დანახარჯი, რაც არსებობს. ჩვენ გვიწევს განმარტებების გაკეთება და ჩემი მხრიდან რომ საქმის მასალებიდან მოხდა ფაქტის დემონსტრირება, რომ 26 მაისის შემდეგ რამდენიმე თვეში ვიზიტიც არ ჰქონდა და იღებდა ფუფუნების საგნებს, ეს თუ მორალურად უქმნით დისკომფორტს, ეს არ ნიშნავს, რომ მე უნდა ამეკრძალოს, დავასახელო ეს ფაქტები“, – განაცხადა პროკურორმა გიორგი მუჯირმა.

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის თქმით, მას საპროცესო ღონისძიების გატარების და მკაცრი ფორმების გამოყენება არ სურს. ამიტომ, მოსამართლემ მხარეებს მიმართა, იყვნენ მაქსიმალურად კორექტულები.

"თუ პოლემიკა გინდოდათ დარბაზის გარეთ გესაუბრათ. მოგიწოდებთ მაქსიმალურად შეეცადეთ იყოთ კორექტურები და პროცესი წარიმართოს კონსტრუქციულად. განცხადების გაკეთებას და რეპლიკებს აქვს თავისი წესი. მოსამართლის მითითებები სავალდებულოდ შესასრულებელია. ნუ გამხდით იძულებულს ზომები გამოვიყენო'' - განაცხადა მოსამართლემ. 

პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი