ნიკა გვარამიას მხრიდან პროკურორების შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - პროკურატურა

30 ნოემბერი 2021, 20:10 899 ნახვა

ნიკა გვარამიას მხრიდან მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორების შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

"როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წლის 29 ნოემბერს გამართულ მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის სასამართლო განხილვაში ბრალდებულის ინტერესების დამცველ ადვოკატად ჩაერთო ნიკა გვარამია.

სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას, ადვოკატმა ნიკა გვარამიამ სამართალწარმოების მონაწილეებს – პროკურორებს მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რაც იმ მომენტში სასამართლოსა და სამართალწარმოების სხვა მონაწილეების ყურადღების მიღმა დარჩა. თუმცა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის ტრანსლირებისას საჯარო სივრცეში გავრცელებული ვიდეოკადრების საფუძველზე, დღეს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გარდა ამისა, ადვოკატ ნიკა გვარამიას მხრიდან სასამართლო სხდომაზე პროცესის მონაწილის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის გამო, ბრალდების მხარე, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების ამ საქმის განხილვის მორიგ სხდომაზე, სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით და მოითხოვს ადვოკატ ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევებას.

ასევე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, საქართველოს პროკურატურამ უკვე მიმართა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას, ნიკა გვარამიას ზემოაღნიშნული ქმედების სამართლებრივი შეფასებისა და მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებაზე", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი