ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წამოწყებული სპეკულაციები, ყოველგვარ მორალს გადაცილებულია - ტიტე აროშიძე

18 ნოემბერი 2021, 17:11 1195 ნახვა

ის სპეკულაციები, რომელიც დღეს ''ნაციონალურმა მოძრაობამ'' ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წამოიწყო, ყოველგვარ მორალს გადაცილებულია - ეს განცხადება აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ გააკეთა. ტიტე აროშიძე ამბობს, რომ თანაგუნდელის გარდაცვალებას ოპოზიციური პარტიის წევრები ქულების დასაწერად იყენებენ. 

მისივე განმარტებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ''ქართული ოცნება'' გარკვეულ ზეწოლას ახდენდა  ნუგზარ ფუტკარაძეზე სიცრუეა.

''პირველ რიგში მწუხარებას გამოვთქვამთ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო და ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას. არ არის დღეს ამ პოლიტიკური სპეკულაციების ადგილი და არც დრო. ნაცვლად იმისა, რომ თანაგუნდელს ღირსეული პატივი მიაგონ და მის ხსოვნას პატივი სცენ, ამ მძიმე ტრაგედიას იმისთვის იყენებენ, რომ ისევ პოლიტიკური ქულები დაიწერონ. ამას ხედავს და განსჯის საზოგადოება.

დღეს, რაც სოციალურ ქსელში მთავრობის თავმჯდომარის და მისი ოჯახის წევრების მიმართ იყო გამოყენებული, ეს შეიძლება მხოლოდ დამახინჯებული ფანტაზიის ნაყოფის მქონე ადამიანს მოუვიდეს თავში. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე საშინელი, რაც კი შეიძლება პოლიტიკოსმა პოლიტიკური ინცენირებისა და სპეკულაციებისთვის გამოიყენოს.

სოციალურ ქსელში, ბატონი ნუგზარის გარდაცვალების შემდგომ რამოდენიმე ვაი პოლიტიკოსის მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით აღმოჩნდა, რომ თითქოს ''ქართულ ოცნება'' გარკვეულ ზეწოლას ახდენდა ბატონი ნუგზარის ჯანმრთელობაზე. ეს არის სრული სიცრუე. დეპუტატებს ჩვენ მივულოცეთ გამარჯვება და სხდომის დროსაც. ეს არის დემოკრატიული პროცესი'' - განაცხადა ტირე აროშიძემ. 

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ არც ერთი დეპუტატის გადაბირება და მოსყიდვა არ მიმდინარეობს.

''სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ არანაირი ზეწოლა არც ერთ პარტიის წევრზე, მათ შორის არა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებზე, არც სხვა ოპოზიციური პარტიის წევრებზე ჩვენგან არ ყოფილა. არანაირი საფუძველი არსებობს, რომ ეს ბრალდება მივიღოთ. ამის სურვილი და შესაძლებლობა, რომ ქონოდა "ქართულ ოცნებას", რაც გამორიცხულია, დამერწმუნეთ ჩვენ მეორე ტური არ გვექნებოდა'' - განაცხადა ტიტე აროშიძემ. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი