მომავალი წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 436 მილიონი ლარია, რაც მიმდინარე წელთან შედარებით, დაახლოებით 22 მილიონი ლარით მეტია. 2022 წლის ბიუჯეტის მთავარ პარამეტრებსა და პრიორიტეტებზე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის, სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს.
ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, პანდემიის მიუხედავად ბიუჯეტის ზრდა მოხერხდა შემოსულობების ხარჯზე. მომავალ წელს დაფინანსება ეზრდება სამინისტროებსა და საქვეუწყებო დაწესებულებების ნაწილს. ამასთან, მომხსენებლის განცხადებით, დაგეგმილია ინფრასტრუქტურული პროექტები სხვადასხვა მიმართულებით.
ასევე კურორტ გომარდულისთვის გამოიყოფა 8 მილიონ 700 ათასი ლარი, საბაგიროსა და სხვა საჭიროებების მოსაწყობად, დაგეგმილია ჩირუხის კეთილმოწყობაც.
მაღალმთიან აჭარაში გაზსადენი მილის სამუშაოებისთვის 9 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული. გრძელდება ე. წ „ ოცნების ქალაქის“ ბინათმშენებლობა. ცვლილებებია ჯანდაცვის მიმართულებითაც. მინისტრის განმარტებით, 69% შესრულდა ჯანდაცვის მიმართულებით ბიუჯეტი.
ნინო ნიჟარაძის თქმით, ეკომიგრანტ ოჯახებზე საკომპენსაციო თანხა 30 ათას ლარამდე გაიზრდება. დღევანდელ სხდომაზე ასევე ისაუბრეს მიმდინარე წლის 3 კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე. დეპუტატებს ჰქონდათ კითხვები და რეკომენდაციები.