ჭალადიდის პოლიციის განყოფილებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს ბრალდება წარედგინა.
პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 ნოემბერს, სოფელ ჭალადიდში მდებარე, შსს ხობის რაიონული სამართველოს ჭალადიდის პოლიციის განყოფილების შენობაში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასზე განპიროვნებული სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით, ამავე განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელს ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას პროკურატურა განზრახ მკვლელობას ედავება , რაც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.