პანდემიის პერიოდში კორონავირუსით 17 ორსული და ჯანდაცვის სფეროს 117 თანამშრომელი გარდაიცვალა- ანგარიში

05 ნოემბერი 2021, 10:55 782 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, პანდემიის პერიოდში 2021 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, ორსულებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა 7 338-ს შეადგენდა, რაც 8.6% არის.

რაც შეეხება ლეტალობას, კორონავირუსით ინფიცირებული ორსულების საერთო რაოდენობიდან ლეტალურად დასრულდა 17. მათ შორის არც ერთი არ იყო ვაქცინირებული.

ანგარიშის თანახმად, ორსულებში დადასტურებულ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი წილი 35-39 ასაკობრივ ჯგუფზე მოდის.

პანდემიის პერიოდში კორონავირუსით ჯანდაცვის სფეროს 117 თანამშრომელი გარდაიცვალა.

"რისკის ჯგუფების მიხედვით, გარდაცვლილი მედპერსონალის 52.1% სტაციონარების სამედიცინო პერსონალი ან ცხელების, კოვიდ ან ონლაინ კლინიკის და ყველა სტაციონარის მიმღების, ინტენსიურის და რეანიმაციის განყოფილების თანამშრომელი იყო"-წერია ანგარიშში.

რაც შეეხება ზოგადად სიკვდილიანობის მაჩვენებელს. ანგარიშის მიხედვით, სიკვდილიანობის მაჩვენებლების როგორც რაოდენობრივი, ისე 1 მლნ მოსახლეზე მაქსიმალური რაოდენობა 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში და 2021 წლის აგვისტო-სექტემბერში დაფიქსირდა.

რეგიონების მიხედვით, 2020 წლის აპრილიდან 2021 წლის სექტემბრის ჩათვლით COVID-19-ით სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი ყველაზე მაღალ მნიშვნელობას ინარჩუნებდა თბილისში. გამონაკლისს წარმოადგენს 2020 წლის ოქტომბერი-ნოემბერი, როდესაც მაქსიმალური წილი დაფიქსირდა აჭარის რეგიონში.

ანგარიშის თანახმად ყველა ლეტალურ შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა იყო მძიმე ან კრიტიკული. სიკვდილის შესახებ სამედიცინო ცნობაში COVID-19-ით გარდაცვლილ პაციენტთა 69%-ს აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება და გართულება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი