ოპოზიცია 2 ნოემბერს ბათუმში, მთავრობის სახლთან, აქციას გამართავს

01 ნოემბერი 2021, 11:21 1487 ნახვა

არა გაყალბებულ არჩევნებს, თავისუფლება მიშას - ამ სლოგანით ხვალ ბათუმში აქცია გაიმართება. გაერთიანებული ოპოზიცია მხარდამჭერებს აჭარის მთავრობის სახლთან ელოდება. 

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრის განცხადებით, ''თავისუფლების კვარტალში'' აქცია 17:00 საათზე დაიწყება. 

''ვიკრიბებით, რომ დავიწყოთ ბრძოლა ბიძინა ივანიშვილისა და ''ქართული ოცნების'' დასამარცხებლად. სხვა გზა და სივრცე ხელისუფლებამ არ დატოვა, რომ ქართველ ხალხს ნება გამოეხატა ამ ქვეყანაში, ნორმალური არჩევნები ჩატარებულიყო. ამ არჩევნებში დამარცხდა ოლიგარქი, მაგრამ სხვა რეალობა მივიღეთ. ამ რეალობაზე შეგუებას არავინ არ აპირებს. ეს იქნება პროტესტის სხვადასხვა ფორმა''- განაცხადა რეზო ხარაზმა.

პარტიაში აცხადებენ, რომ აქციები ბათუმიდან დაიწყება და მთელი საქართველოს მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.

ჯერჯერობით უცნობია პროტესტის რა ფორმას გამოიყენებს ოპოზიცია ბათუმის საკრებულოსა და უმაღლეს საბჭოში. რეზო ხარაზის თქმით, საკითხი დღის წესრიგში დგას, მიმდინარეობს კონსულტაციები და გადაწყვეტილება საერთო კონსენსუსის შემდეგ გახდება ცნობილი. 

''ეს გადაწყვეტილება არ იქნება დამაზანიებელი ჩვენი ქალაქისთვის და ქვეყნისთვის. იქნება დამაზიანებელი ხელისუფლებისთვის'' - აცხადებენ ენმ-ში. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გუშინ, თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ ოპოზიცია სამშაბათიდან მასშტაბურ აქციებს დაიწყებდა.  თავდაპირველად დასახელდა, რომ მთავარი აქცია თბილისში 7 ნოემბერს გაიმართებოდა, თუმცა მოგვიანებით განაცხადეს, რომ შეკრება 6 ნოემბერს იქნება.

 

 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი