ბათუმის 49-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - ერთი ადამიანი პოლიციამ გადაიყვანა 

30 ოქტომბერი 2021, 21:36 885 ნახვა

ბათუმის 49-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველსა და კომისიის წევრს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო უბანზე მივიდა მოქალაქე, რომელსაც ხმის მიცემის დროს კომისიის ერთ-ერთ წევრთან სიტყვიერი დაპირისპირება ჰქონდა.  

''მოვიდა პიროვნება, სავარაუდოდ, ნასვამი იყო. გაიარა რეგისტრაცია და ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელთან შელაპარაკება მოუვიდა. შემდეგ ბიულეტენი ჩააგდო და გავიდა. მოგვიანებით ისევ მობრუნდა და ყვირილი დაიწყო. ის უბნიდან ჩხუბით გაიყვანეს. პოლიცია გამოძახებული იყო'' - ამბობს ზურაბ კაცაძე.

დამკვირვებელი კი ამბობს, რომ  კაცი ფიზიკურად დაუპირისპირდა უბანზე მყოფ პირებს. პოლიციამ იგი ტერიტორიიდან გადაიყვანა. 

''ქართული ოცნება'' არის დაუმარცხებელი, უნდა დავასრულოთ ''ნაციონალური მოძრაობა''- ამბობდა მამაკაცი. შემდეგ ოლქის კომისიის წევრს ხელით შეეხო და ერთ-ერთ დამკვირვებელსაც'' - აცხადებს დამკვირვებელი. 

აჭარის მაუწყებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში